ხუთშაბათი, 16.05.2024, 16:47
მოგესალმები სტუმარი | RSS

love story

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » უცხოელი პოეტები

ფრანც შუბერტი
ბიოგრაფია
მუსიკაში პირველი გაკვეთილები მიიღო მამის (ვიოლინო) და უფროსი ძმის იგნაცისაგან (ფორტეპიანო). 1808-იდან სამეფო კარის კაპელაში იყო მგალობლად. აქ მას 1816-მდე კონტრაპუნქტისა და კომპოზიციას ასწავლიდა ა.სალიერი. 1818 - 1824 შუბერტი მოღვაწეობდა უნგრეთში. პირველად მისი ნაწარმოები 1821 გამოიცა. მალე კი შუბერტის სიმღერები ფართოდ გავრცელდა. 1823 წელს შუბერტი აირჩიეს შტირიისა და ლინცის მუსიკალური კავშირთა საპატიო წევრად. 1828 ვენაში წარმატებით შესრულდა მისი ნაწარმოებები. იმავე წლის შემოდგომაზე შუბერტი მუცლის ტიფით გახდა ავად და გარდაიცვალა.

მუსიკის ისტორიაში შუბერტი შევიდა როგორც პირველი რომანტიკოსი. მისი შემოქმედება ვენის კლასიკური სკოლის ტრადიციებს და ამავე დროს პრინციპულად ახალი და ნოვატორულია. შუბერტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ლირიკოსი კომპოზიტორია. მისი მუსიკა მელოდიური სიმდიდრით თითქმის სწორუპოვარია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოლორიტს, ფერადოვნებას (ვლინდება ჰარმონიაში და ორკესტრობაში). შუბერტი არაჩვეულებრივად ნაყოფიერი კომპოზიტორია. მან დაწერა თითქმის ყველა მუსიკალური ჟანრის ნაწარმოებები, მაგრამ განსაკუთრებული მიღწევები აქვს ვოკალური ლირიკისა და სიმფონიის მუსიკის დარგში. მან შექმნა რომანტიკული სიმღერისა და რომანტიკული სიმფონიის პირველი და სრულყოფილი ნიმუშები. შუბერტს დაწერილი აქვს 600-მდე სიმღერა თითქმის 100 პოეტის (ძირითადად გერმანელების) ტექსტებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოეთეს (70-მდე სიმღერა, მ. შ. "ტყის მეფე" და "გრეთხენი ჯარასთან"), შილერის (40-ზე მეტი, მ. შ. "ქალიშვილის ჩივილი"), ჰაინეს (6, მ. შ. "ორეული"), მიულერის (განთქმული ვოკალური ციკლები "მშვენიერი მეწისქვილე ქალი", 1822 და "ზამთრის გზა", 1827) ტექსტებზე შექმნილი სიმღერები. სიმღერების დიდი ნაწილი დაწერილია მარტივი სტროფული ფორმით; ამავე დროს შუბერტმა შექმნა ახალი რთული ტიპის სიმღერა გამჭოლი, უწყვეტი განვითარებით, რომელშიც ვოკალურ მელოდიას (ბოლო პერიოდის სიმღერებში იგი გამდიდრებულია რეჩიტატიული ელემენტებით) მხატვრულ-განზოგადებული მნიშვნელობა ენიჭება. საფორტეპიანო თანხლება უაღრესად გამომსახველია, ზოგჯერ ასახვით-ბგერწერითი ხასიათისა.

ნოვატორული მნიშვნელობა ჰქონდა შუბერტის სიმფონიურ შემოქმედებას. მისი 9 სიმფონიიდან გამოირჩევა მე-7, "დაუმთავრებელი" (1822) და მე-9, ე. წ. "დიდი" (1828), რომელთა სახით შექმნა რომანტიკული სიმფონიზმის 2 ნაირსახეობა ― ლირიკულ-დრამატული და გმირულ-ეპიკური. სიმღერებისაგან განსახვავებით შუბერტის სიმფონიური შემოქმედება მოგვიანებით გახდა ცნობილი (მე-9 სიმფონია პირველად შესრულდა 1839, მე-7 კი ― 1865). ჭეშმარიტი აღიარება კი მან მხოლოდ XX საუკუნეში პოვა.

სახლი, სადაც დაიბადა შუბერტი

მაღალი მხატვრული ღირებულებისაა შუბერტის კამერულ-საკრავიერი შემოქმედება, გამოირჩევა სიმებიანი კვინტეტი (1828) და 3 უკანასკნელი სიმებიანი კვარტეტი (1824-26). შუბერტის შემოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი დარგია საფორტეპიანო მუსიკა (22 საფორტეპიანო სონატა, ფანტაზია "მოხეტიალე", რომელიც ამზადებს ფ.ლისტის სიმფონიური პოემების სტრუქტურას; 11 "ექსპრომტი", 1827-28; "მუსიკალური მომენტი", 1823-28; ვალსები; ლენდლერები ― რომანტიკული საფორტეპიანო მინიატურები, რომლებიც ამზადებენ შოპენისა და ლისტის საფორტეპიანო მუსიკის თავისებურებებს; საფორტეპიანო ნაწარმოებები 4 ხელისათვის, მ. შ. ფანტაზია, 1828; უნგრული დივერტისმენტი, 1824; ვარიაციები; მარშები და სხვ.). შუბერტს დაწერილი აქვს აგრეთვე 3 ოპერა, 6 ზინგშპილი, მუსიკა დრამატული პიესებისათვის (მ. შ. "როზამუნდი"), სასულიერო ნაწარმოებები, რომელთა შორის გამოირჩევა 2 მესა (1819, 1828), ვოკალური კვარტეტები, გუნდები, კანტატის და ორატორიის ტიპის ნაწარმოებები.

კატეგორია: უცხოელი პოეტები | დაამატა: keke (18.04.2011)
ნანახია: 2004 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩემი საიტი
სულ პასუხი: 71
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0